<<< მთავარი
პეპელა ნაზი და სათუთი
არსებაა და თუ გსურთ ცოტა ხანს მაინც დასტკბეთ მისი სილამაზით, ძალზე ფრთხილად უნდა
დაიჭიროთ, თორემ ფრთების ნაცვლად მხოლოდ ცისარტყელას კვალი და სინანული დაგრჩებათ თითებზე.
ბავშვობაში მჯეროდა, რომ პეპელა მხოლოდ 3 დღე ცოცხლობს და კვერცხებს რომ დადებს, მალევე
კვდება. მერე დავინტერესდი მისი მეტამორფოზით და მოვიხიბლე ალეგორიული იგავით: ერთი
კაცი ბალახს ცელავდა და შეამჩნია, რომ პეპელა პარკუჭიდან გამოსვლას ცდილობდა. კაცს
ძალიან მოუნდა საკუთარი თვალით ეხილა პეპელას საოცარი ფერისცვალება და იქვე ჩაიმუხლა.
დიდხანს იწვალა პეპელამ, ბევრი იწრიალა პარკუჭში. კაცმა გადაწყვიტა დახმარებოდა და
პარკუჭი ფრთხილად გაუჭრა. პეპელა გამობობღდა, ჩამოეკიდა, ცდილობდა ფრთები დაებერა და
გაეშალა, მაგრამ სუსტი იყო, ჯერ კიდევ ზრდა-დაუმთავრებელი. ძალა არ ეყო პეპელას,
ნიავმა
ჩამოაგდო და დაიღუპა. დაღონდა კაცი, შეტრიალდა და წასვლას აპირებდა, მაგრამ მეორე ბალახზეც
ზუსტად ისეთივე პარკუჭი შენიშნა. ამჯერად კაცმა ხელი არ ახლო. პეპელამ დიდხანს იწვალა,
ბოლოს გამოჭრა და ამობობღდა. ისიც სუსტი იყო, სქელ მუცლიანი. ფეხებით ჩამოეკიდა პარკუჭს
და მუცელი შეკუმშა. სითხე გადაეშვა პეპლის ფრთებში, გასწორდა, გაიშალა ნელა-ნელა. ააფარფატა
პეპელამ ფრთები, მზეს შეუშვირა გასაშრობად. კიდევ უფრო გაიშალა და გასწორდა, დაიბერა
ფრთები როგორც ლამაზი იალქნები. კიდევ ერთხანს იჯდა პეპელა, შლიდა და კეცავდა ფრთებს.
მერე გაშალა, მოსწყდა და აფრინდა, აფარფატდა და გასცურა უკიდეგანო სივრცეში. იგავის
არსი იმაშია, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. უშრომლად და უწვალებლად არაფერი ხდება
და ჩვენი ოცნებები ასრულდება, თუკი სათანადოდ მოვინდომებთ. გაინტერესებთ საიდან აქვს
პეპელას ასეთი ფერები? რისთვის სჭირდება მას იყოს ასეთი თვალწარმტაცი? როგორ და რანაირად
ახერხებს ფერთა ასეთი გამის შექმნას? – მას ხომ პიგმენტები არა აქვს?! პეპელას პალიტრის
საიდუმლო ამოხსნა მისი ფრთების ულტრასტრუქტურის შესწავლამ. როგორც ვიცით, პეპლის ფრთების
ქერცლები თხელი ფირფიტებია. მიკროსკოპირებამ აჩვენა, რომ ყოველი ასეთი ფირფიტა შედგება
მესრისებურად განლაგებული კუტიკულას ფენებისგან. ამ ფენებს შორის მანძილი და ლამელების
დახრის კუთხე განაპირობებს მათზე დაცემული სხივის შთანთქმა-არეკვლის პარამეტრებს და
შესაბამისად ვარირებს შეფერილობაც: რა სიგრძის ტალღებიც აირეკლება, იმ ფერად აღიქვამს
ობიექტს თვალიც.
ადმირალი (Pyrameis
atalanta) — დღის პეპელა ნიმფალიდისებრთა ოჯახისა. ფრთების შლილი 5-6 სმ., წინა ფრთები ზემოდან
შავია, წვერზე თეთრი კოპლები და ირიბი წითელი ზოლი აქვს. უკანა ფრთებიც შავია და კიდეზე
წითელი ზოლი გასდევს. დაფრინავს ივლის-სექტემბერში, გამოზამთრებული პეპელა — გაზაფხულზე.
გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. საქართველოში
თითქმის ყველგან გვხვდება. ადმირალის მუხლუხი ბინადრობს ჭინჭარსა და ნარშავზე. კულტურულ
მცენარეებს არ აზიანებს.
ელენე მიქავა
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
პოდალირიუსი, აფროსანა, მერცხალკუდა (Iphiclides
podalirius)- დღის
პეპელა აფროსნისებრთა ოჯახისა. მისი ფრთების შლილი 68-72 მმ აღწევს. საერთო ფონი მკრთალი
ყვითელია. წინა ფრთებზე სოლისებრი, დამრეცი შავი ზოლები აქვს, უკანა ფრთებზე-შავი და
მუქი მოწითალო-ყავისფერი არშია. გარეთა კუთხე მთავრდება გრძელი ,,კუდით’’ (12-15მმ),
რისთვისაც მას საქართველოში ,,მერცხალკუდა’’ უწოდეს. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა
და ჩრდილოეთ აფრიკაში. აგრეთვე ყირიმსა და კავკასიაში. ტყე-ველის ბინადარია. საქართველოში
ფართოდ არის გავრცელებული შავი ზღვის სანაპიროდან 1900-2000მ-მდე.
მარაოლასებრნი
(Orneodidae) - ოჯახი ქელცფრთიანების რიგისა. აქვთ მარაოსებრნი ფრთები,
რომელთა შლილი 12-36 მმ აღწევს. მარაოლასებრთა მატლები აზიანებენ ხეებსა და ბალახოვანი
მცენარეების ნორჩ ყლორტებს. ოჯახში 200-მდე სახეობაა, რომელთაგან orneodes
hexadactyla და orneodes dodecadactyla ზოგჯერ ცხრატყავას
აზიანებენ. გავრცელებულია ყველგან, უფრო კი ტროპიკებში.