<<< მთავარი
რბილტანიანები - უხერხემლო ცხოველების კლასია. არსებობს მოლუსკების 107 ათასზე
მეტი სახეობა. უმრავლესობა ბინადრობს ოკეანეში, ზღვაში, მტკნარ წყალში, შედარებით ნაკლები
— ხმელეთზე. ხმელეთის მოლუსკებით განსაკუთრებით მდიდარია საქართველო (გვხვდება დაახლოებით
230 სახეობა და ქვესახეობა). მოლუსკები გაერთიანებულია 7 კლასში: მუცელფეხიანები, ჯავშნიანები,
მონოპლაკოფორები, ღარმუცლიანები, ორსაგდულიანები, ნიჩაბფეხიანები, თავფეხიანები. მოლუსკების
სხეული იყოფა 3 ნაწილად: თავი, ტანი, ფეხი. უმრავლესობის სხეული ნიჟარაშია მოქცეული.
თავზე მოთავსებულია პირი, ბევრს კი ერთი ან ორი წყვილი საცეციც აქვს, რომელთა ბოლოებზე
თვალები ზის. ზოგს თავი სულ არა აქვს (ორსადგულიანები). ტანი მჭიდროდ ეკვრის ნიჟარას
და ზოგიერთ სახეობაში (მუცელფეხიანები) ნიჟარის მსგავსად სპირალურადაა დახეული. მისი ძირი მანტიითაა გარემოცული.
მანტიასა და ტანს შორის არის მანტიის ღრუ, რომელიც შეიცავს გულს, სასუნთქ ორგანოებს
და თირკმელებს, ხოლო ტანი —
საჭმლის მომნელებელ ორგანოებს. ფეხის საშუალებით მოლუსკები
ცოცავენ, ემაგრებიან საგნებს, ეფლობიან შლამში. ზოგიერთ მოლუსკებს ფეხი არ გააჩნიათ
(მჯდომარე ორსაგდულიანები, ზოგი პარაზიტი მუცელფეხიანი). წყალში მცურავ ზოგიერთ მუცელფეხიანს
ფეხი საცურაო ფარფლად აქვს გადაქცეული. ნიჟარა გარეთა ჩონჩხის როლს ასრულებს. ჯავშნიანებში
იგი ფირფიტაა, ორსაგდულიანებში — საგდულები, მუცელფეხიანებში მეტწილად სპირალურადაა
დახვეული და სხვა. ზოგს ნიჟარა მთლიანად გადაგვარებული აქვს (უნიჟაროები). საჭმლის მომნელებელი სისტემა
მოიცავს პირს, ხახას სანერწყვე ჯირკვლებიანად, საყლაპავ მილს, შუა ნაწლავს კუჭითა და
ღვიძლითურთ და უკანა ნაწლავს. სუნთქავენ ლაყუჩებით ანუ ქტენიდიებით. ხმელეთის მუცელფეხიანთა
უმეტესობა ფილტვით სუნთქავს. ფილტვის როლს სისხლძარღვებით დაქსელილი მანტიის კედელი
ასრულებს. სისხლის მიმოქცევის სისტემა ღიაა, გული მეტწილად პარკუჭისა და წინაგულებისაგან
შედგება. მუცელფეხიანთა უმეტესობას ერთი წინაგული (მარცხენა) აქვს. გამომყოფ სისტემას
წყვილი თირკმელი ემსახურება, ზოგს ერთი თირკმელი აქვს (მუცელფეხიანები). თირკმლის სადინარი
უკანა ნაწლავს გასდევს და საკუთარი ხვრელით ანალურ ხვრელში იხსნება. მოლუსკების ნერვული
სისტემა გაფანტულ-კვანძური ტიპისაა, შედგება 5-6 წყვილი კვანძისაგან. მოლუსკები გაყოფილსქესიანებია,
ზოგი — ჰერმაფროდიტი. გამრავლება სქესობრივია. თავფეხიანებისა და მუცელფეხიანების განაყოფიერება
შინაგანია, დანარჩენებისა — გარეგანი. მოლუსკების უმრავლესობა კვერცხებით მრავლდება.
კვერცხიდან გამოდის ლარვა - ტროქოფორა. მოლუსკების ზოგიერთი სახეობა ცოცხლადმშობია,
რომელთაგან რამდენიმე სახეობა საქართველოშიც არის გავრცელებული.
მოლუსკების წარმოშობაში ბევრი
რამ გაურკვეველია, მაგრამ მათ აგებულებაში მრავალი ისეთი ნიშანია, რომელიც მოლუსკებს
რგოლოვან ჭიებთან აახლოებს და სწორედ ისინი ითვლებიან მათ წინაპრებად. მოლუსკების ზოგიერთი
სახეობა — ხამანწკები, მიტილუსები, სავარცხლურები და სხვანი გამოიყენება საკვებად.
საკვებში შერეული ნიჟარის ფხვნილით კვებავენ ქათმებს ჩონჩხისა და კვერცხის ნაჭუჭის
გასამაგრებლად. ზოგი სახეობის ნიჟარებისაგან ამზადებენ ღილებს, სხვადასხვა სამკაულს
და სხვა ნივთებს. ზოგი ორსადგულიანი მარგალიტის მწარმოებელია, მათ ხელოვნურად აშენებენ.
ზოგ მოლუსკებს საკმაოდ დიდი ზიანი მოაქვს. ზოგი სახეობა პარაზიტული ჭიების შუალედური
მასპინძელია. არიან სახეობები (მუცელფეხიანები), რომლებიც აზიანებენ სასოფლო-სამეურნეო
მცენარეებსა და კულტურულ ნარგავებს. მავნებელია ე. წ. გემის ჭიაც, რომელიც ხვრეტს გემისა
და ნავსადგურების ხის ნაგებობებს. არიან სახეობები, რომლებიც მასობრივად სახლდებიან
გემის წყალქვეშა ნაწილზე, ქმნიან გროვებს და ხელს უშლიან გემის სვლას. ზიანის მომტანი
მოლუსკების წინააღმდეგ (მეტწილად უნიჟაროებისათვის) იყენებენ მოლუსკოციდებს.
მუცელფეხიანები (Gastropoda) - მუცელფეხიანების სხეული შედგება
თავის, ტანისა და ფეხისაგან. თავზე ერთი ან ორი წყვილი საცეცია. ფეხი სხეულის ქვედა
(მუცლის) მხარეზეა, ფეხს ქვეშ ლანჩა აქვს. ტანის ანუ შიგნეულობის პარკის ძირი მანტიითაა
გარემოცული. მანტიისა და შიგნეულობის პარკს შორის არის მანტიის ღრუ, რომელშიც მოთავსებულია
გული, სასუნთქი პრგანოები, თირკმელი, შიგნეულობის პარკი — საჭმლის მომნელებელი და სასქესო
ორგანოები. მუცელფეხიანების მანტია კანის თხელი ნაოჭია, რომლის ჯირკვლები გამოყოფენ
ნიჟარის წარმოსაქმნელ ნივთიერებებს. ნიჟარა სხვადასხვა ფორმისაა. საქართველოში გავრცელებული მუცელფეხიანების
ნიჟარები მრავალფეროვნებით ხასიათდება. ნიჟარა არა აქვთ უნიჟაროებს ანუ ლოქორიებს. იგი რედუცირებულია და პატარა ფირფიტის
სახით მანტიის ქვეშაა მოთავსებული. სისხლის მიმოქცევის სისტემა ღიაა. გული ორსაკნიანია
— წინაგული და პარკუჭი (იშვიათად
წინაგული). სუნთქავენ ლაყუჩებით ან ფილტვებით. საქართველოში
მობინადრე სახეობების უმეტესობა ფილტვით მსუნთქავია. გამომყოფი სისტემაა ერთი, იშვიათად, ორი თირკმელი, რომლის სადინარი
უკანა ნაწლავს გასდევს და საკუთარი ხვრელით ანალური ხვრელის მახლობლად იხსნება. ნერვული
სისტემა შედგება რამდენიმე (5-6) წყვილი ნერვული კვანძისა და მისგან გამომავალი ნერვებისაგან.
გავრცელებული არიან თითქმის ყველგან, გარდა უდაბნოების და მუდმივი ყინულით დაფარული
ადგილებისა. გვხვდებიან ოკეანეებში, ზღვებში, მლაშე და მტკნარ წყლებში, ნაწილი ხმელეთზე. მუცელფეხიანების კლასი შეიცავს
85.000-ზე მეტ სახეობას, რომლებიც გაერთიანებულია 3 ქვეკლასში: წინალაყუჩებიანები,
უკანალაყუჩებიანები, ფილტვიანები. საკმაოდ მდიდარია ცხოველთა ამ ჯგუფით საქართველო. წინალაყუჩებიანების ქვეკლასში
გაერთიანებული სახეობების უმეტესობა გაყოფილსქესიანია, ფილტვიანები — ორსქესიანი. მუცელფეხიანების
უმრავლესობა კვერცხებით მრავლდება, არიან ცოცხლადმშობნიც. ზოგი მუცელფეხიანები ფიტოფაგია,
ზოგი პოლიფაგი (არიან მტაცებლებიც და პარაზიტებიც). მუცელფეხიანების ზოგი სახეობა
პარაზიტული ჭიების შუალედური მასპინძელია და ხელს უწყობს შინაური
ცხოველების სხვადასხვა დაავადების
გავრცელებას; ზოგი სასოფლო-სამეურნეო
მცენარეებისა და კულტურული ნარგავების სერიოზული მავნებელია. მუცელფეხიანების ნიჟარები წარმოადგენენ
სახელმძღვანელო ნამარხებს გეოლოგიური ერების დადგენისათვის. მუცელფეხიანების ზოგი სახეობის
ხორცი დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებს და ყუათიან საკვებად ითვლება. ზოგი მარგალიტის
მკეთებელია. საქართველოში გავრცელებული Helicella derbentina-ს ნიჟარის ფხვნილით
(კალციუმის მარილების შემცველობის გამო) ზოგიერთ მეფრინველეობის ფერმაში ფრინველებს
კვებავენ.
მონოპლაკოფორები, ერთფირფიტიანები (Monoplacophora) —ცნობილი იყო მხოლოდ ქვედა პალეოზოური პერიოდის ნამარხი
ფორმები. 1952 წელს წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში 3950 მ სიღრმიდან მოიპოვეს მონოპლაკოფორების
რამდენიმე ცოცხალი ეგზემპლარი, რომელსაც უწოდეს Neopilina galatheae. აქვს კონუსისებრი ნიჟარა (3 სმ დიამეტრისაა). სხეული
შედგება თავისაგან, ტანისა და ფეხისაგან. თვალები არა აქვს. საჭმლის მომნელებელი სისტემა
შეიცავს ხახას, საყლაპავს, კუჭს, შუა და უკანა ნაწლავს. პირზე აქვს საფხეკი, გული შედგება
2 პარკუჭისა და 4 წინაგულისაგან. გამოყოფას წყვილი თირკმელი ემსახურება. ნერვული სისტემა მოიცავს
ხახისირგვლივ ნერვულ რკალს, ორ წყვილ პედალურ და პლევროვისცერალურ ნერვულ წარმონაქმნს.
გაყოფილსქესიანებია. კლასში 60 სახეობამდეა, მათგან 6 თანამედროვეა და გაერთიანებულია
ნეოპილიანას გვარში.
ელენე მიქავა