ნაწლავღრუიანები Coelenterata

<<<  მთავარი


მარჯნის პოლიპები (Anthozoa) - ნაწლავღრუიანთა წარმომადგენელია. კოლონიური, ზოგჯერ ერთეული ორგანიზმებია. სხეული  ცილინდრულია. მისი ძირი ან კოლონიას მიეზრდება ხოლმე, ან (ერთეული ფორმები) გრუნტს ემაგრება ლანჩით. მოპირდაპირე მხარეზე მოთავსებულია საცეცებით გარშემორტყმული პირის ხვრელი, რომელსაც მოსდევს ხახა და შემდეგ არასრული ტიხრებით საკნებად დაყოფილი ნაწლავის ღრუ. სხეულის კედლები შედგება ექტოდერმის, ენტოდერმისა და შუა - მეზოგლეის შრისაგან. მრავლდებიან სქესობრივი და უსქესო გზით. სქესობრივი გამრავლების დროს წარმოიქმნება ლარვა - პლანულა, რომელიც ცურავს, მოგვიანებით ფსკერზე ჯდება და ჯერ მომცრო, ხოლო სემდეგ ზრდასრულ პოლიპად გადაიქცევა. უსქესო გამრავლება დაკვირტვით ხდება. კვირტი დედისეულ ორგანიზმს არ სცილდება და წარმოიქმნება კოლონია.

თანამედროვე მარჯნის პოლიპები გაერთიანებულია 2 ქვეკლასში: რვასხივიანი მარჯნის პოლიპები (Octocorallia) და ექვსხივიანი მარჯნის პოლიპები (Hexacorallia). რვასხივიანი მარჯნის პოლიპები კოლონიური ფორმებია - 8 საცეცით. მათ განეკუთვნება კეთილშობილი (წითელი) მარჯანი. ექვსსხივიანები ჩონჩხს მოკლებული ერთეული ფორმებია, რომლებიც ხშირად სიმბიოზში იმყოფებიან სხვა ცხოველებთან (კიბო-განდეგილი, ათფეხიანები). მათვე ეკუთვნიან მადრეპორები, რომელთაც კარგად განვითარებული კიროვანი ჩონჩხი აქვთ. მარჯნის პოლიპების კლასში 6 ათასამდე სახეობაა. ყველაზე პრიმიტიული მარჯნის პოლიპების ნაშთები პირველად კემბრიულ ნალექებშია ნაპოვნი. ნამარხი მარჯნებით წარმოქმნილი კირქვები, აგრეთვე ზოგი თანამედროვე მარჯანი მადრეპორა  გამოიყენება სამშენებლო მასალის წარმოებაში, კეთილშობილი (წითელი) მარჯანი - საიუველირო საქმეში.

ავტორი  ანა შაიშმელაშვილი