ისინი წყალხმელეთა ცხოველებია - ხერხემლიანი ცხოველების კლასის, რომელსაც გამომუშავებული აქვს როგორც წყალში, ისე ხმელეთზე არსებობის უნარი. ამფიბიები წყლიდან წყალხმელეთა ცხოვრების ნირზე გადასული პირველი ხერხემლიანები არიან. თევზების მსგავსად ისინიც ქვირითს ყრიან. მათ კვერცხებსა და ჩანასახს არა აქვთ ხმელეთზე განვითარების სამარჯვები. უმეტეს შემთხვევაში განვითარება მეტამორფოზით მიმდინარეობს. ამფიბიების სხეულის ორგანიზაცია არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორც ხმელეთის ხერხემლიანებისა. მათი სხეულის ტემპერატურა ცვალებადია, ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა - დაბალი. თანამედროვე ამფიბიებს ეკუთვნის 2850-მდე სახეობა, რომლებიც ერთიანდება 3 რიგში: უფეხო ამფიბიები, კუდიანი ამფიბიები და უკუდო ამფიბიები. ამფიბიების კანი შიშველი, რბილი და ნოტიოა, შეიცავს ნაირგვარი სეკრეტის გამომყოფ ჯირკვლებს. ამფიბიებს ორი კეფის როკი აქვთ. მალათა რაოდენობა 9-იდან 275-მდე მერყეობს. უკუდო ამფიბიების უმრავლესობის ნეკნები მთლიანად რედუცირებულია. წინა ტვინი, რომლის ნახევარსფეროები მთლიანად გაყოფილია, კარგადაა განვითარებული, ხოლო ნათხემი - სუსტად.
ტრიტონი (Triturus) - კუდიანი ამფიბიების გვარი სალამანდრისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 18 სმ აღწევს. მათი სხეული გვერდებიდან შებრტყელებულია. კუდი თევზის კუდის ფარფლს მოგვაგონებს. ფეხები მოკლე და სუსტი აქვთ. ცნობილია 10 სახეობა. გავრცელებული არიან ევროპაში და აზიის მრავალ ადგილას. ზამთარს ატარებენ ხმელეთზე: მღრღნელების სოროებში, ხის კუნძების, მორების ან ქვების ქვეშ. გაზაფხულობით გადადიან წყალსატევში, სადაც მრავლდებიან. ახასიათებთ შინაგანი განაყოფიერება. ლარვას გარდაქმნა 3—5 თვემდე გრძელდება.
დეა ხეირაბადი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2007 წელს ჰიროსიმას მეცნიერებმა შექმნეს გამჭვირვალე ბაყაყი, პირველი ოთხფეხა გამჭვირვალე არსება. როგორც მეცნიერები აცხადებენ, გამჭვირვალე კანიანმა ბაყაყებმა, შესაძლოა, ფართო გამოყენება პოვონ სამეცნიერო კვლევებში, რადგან კარგად ჩანს ამ ამფიბიის სისხლძარღვები, კუჭ–ნაწლავი და გული.
ავტორი ეკა საპანაძე